ნინო ლომჯარია - მხარს ვუჭერ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შვილმკვდარი მამები საკუთარ ადვოკატებთან ერთად და მეც იქ ვიქნები
მე მხარს ვუჭერ შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ შვილმკვდარი მამები საკუთარ ადვოკატებთან ერთად და მეც იქ ვიქნები, რათა ორივე მათგანმა, მათი ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა უთხრან თავიანთი სათქმელი ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა.
მისი თქმით, თავად მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებს დამატებით განცხადებას შეხვედრის თემაზე.
„ახლა პირადად დაველაპარაკები ბატონ ზაზას, რათა მისგან პირადად გავიგო, რა მოლოდინი აქვს და რა სურვილები აქვს. აღნიშნულ შეხვედრას აუცილებლად დავესწრებით, თუ ექნებათ ამის სურვილი, რა თქმა უნდა. შევედი შიგნით და მალევე გამოვედი გარეთ“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ მივიდა და აცხადებს, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებს და ერთი საათი დაელოდება პასუხს.
ცოტა ხნის წინ ასევე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა ზვიად კუპრავა, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაურეკა ზაზა სარალიძემ და სთხოვა მისულიყო მთავრობის ადმინისტრაციასთან შვილმკვდარ მშობლებთან ერთად.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.