ნინო ლომჯარია - მირზა სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, ციხის ადმინისტრაციამ ის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართო
მირზა სუბელიანი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც დღეს სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
ამასთან, ლომჯარიას თქმით, მან სუბელიანს სახალხო დამცველის დახმარება შესთავზა.
„ჩანაწერის გავრცელებას სუბელიანის მხრიდან გუშინ საღამოს თვითმკვლელობის მცდელობა მოჰყვა. ჩემი აქ მოსვლის მიზანი იყო, დამედგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა ზომები გატარდა, რამდენად არის დაცული ბრალდებულის სიცოცხლე და უსაფრთხოება. შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება. ამ ჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა ძალიან დიდი პოლიტიკური რეზონანსიც, შესაბამისად შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება, თუ რამე აქვს სათქმელი ჩვენთვის“, – განაცხადა ომბუდსმენმა.
მისი თქმით, სუბელიანს ჩანაწერებზე კომენტარის გაკეთება არ სურს, ძირითადად, საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე, რომ მომხდარს განიცდის და ოჯახებს თანაუგრძნობს.
„რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გადავამოწმეთ და ის უკვე ჩართო ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში, მის მიმართ ხორციელდება მეთვალყურეობა, დაცვა არის უზრუნველყოფილი. ამასთან, ვადასტურებ, რომ სუბელიანი არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და როგორც გვითხრეს, ტარდება ყველაფერი, რომ მსგავსი თავიდან იქნეს აცილებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რაც შეეხება ზეწოლას, სახალხო დამცველის თქმით, სუბელიანი ამბობს, რომ მასზე შეუძლებელია რამე ზეწოლის განხორციელება.
„ზეწოლასთან დაკავშირებით მეც დავსვი კითხვა, თუმცა აცხადებს, რომ მასზე რამე ზეწოლის განხორციელება შეუძლებელია. როდესაც ვსვამდი კითხვებს, არ ჰქონდა სურვილი რამე ტიპის კონკრეტული ინფორმაცია ან კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხზე. აცხადებს, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს და გამოძიება უნდა წარიმართოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.