ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების სქემა ნაკლებად უკავშირდება ელექტრონულ სისტემას და გაყალბება მოხდა ძველი, 90-იანი წლების მეთოდებით
ჩვენ ვფიქრობთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გაყალბება ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული ახალი ტექნოლოგების პრობლემებთან. გამოიყენეს სქემა, კარუსელის ის ტიპი, რომელიც საქართველოში მოქმედებდა 90-იან წლებში, გაყალბების დროს. ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, რისთვისაც მომზადდა საკანონმდებლო ბაზა, ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ლომჯარიას თქმით, მოქალაქეები, ვინც გაყალბებაში იყვნენ ჩართული, კოორდინაციაში იყვნენ იმ კონკრეტულ რეგისტრატორებთან, რომლებიც ეხმარებოდნენ მათ, რომ სხვისი პირადი ნომრები შეეყვანათ სისტემაში.
„რადგან იყო ვერიფიკაციის აპარატები, უფრო მარტივი იყო ჩვენთვის, რომ გამოგვევლინა ადამიანი იყო ის პირი, ვინც მოვიდა თუ არა. უფრო მეტად გაიშიფრა კომისია, რომ რეალურად მოქმედებდა ასეთი სქემა. ის, რაც ჩვენ დადასტურებულად გავშიფრეთ, იყო უფრო ტრადიციული, ძველი მეთოდების გაყალბება. დამკვირვებლებმა იმუშავეს არაჩვეულებრივად. ჩვენს დამკვირვებლებს ტრენინგზე მიეცათ დავალება, რომ უნდა დაკვირვებოდნენ ვერიფიკაციის პროცესს, ეს მათ იცოდნენ. შესაბამისად, ცდილობდნენ დაკვირვებას. ასობით საარჩევნო უბნიდან გამოგვიძევეს და მოაცილეს ჩვენი დამკვირვებლები ამ პროცესს. ჩვენ ზუსტად მოვახდინეთ იდენტიფიცირება, სად ხდებოდა გაყალბება. შესაძლებელია, არსებობდა ვერიფიკაციის აპარატებშიც გარკვეული პრობლემები ან დუბლიკაციები, მაგრამ ის, რაც ჩვენ დადასტურებულად გავშიფრეთ, ასობით მტკიცებულების, ანლიზის და ინფორმაციის საფუძველზე, ეს იყო უფრო ტრადიციული, ძველი მეთოდებით გაყალბება“, – განაცხადა ლომჯარიამ.