ნინო ლომჯარია - მეტროს მემანქანეებს განვუცხადე, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა
გაფიცვის უფლება არის გარანტირებული კონსტიტუციით, შესაბამისად, მე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც ვარ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველი, ჩემ როლს ვხედავ იმაში, რომ არც ერთმა საჯარო უწყებამ, თუ კომპანიამ არ დაარღვიოს გაფიცვის უფლება, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაფიცულ მეტროს მემანქანეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, მეტროს მემანქანეებთან დაკავშირებით სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე თქმით, სასამართლომ თქვა, რომ შეიძლება გაფიცვის უფლება, ფაქტობრივად, უვადოდ იყოს გადავადებული, რაც ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობას.
„ვფიქრობ, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება შრომის უფლებებთან მიმართებაში. სახალხო დამცველი მოამზადებს სასამართლო მეგობრის მოსაზრებას და წარუდგენს სასამართლოს განხილვის ეტაპზე. განხილვის ეტაპზე ჩვენ სამართლებრივად წარმოვადგენთ პოზიციებს. ასევე მათ განვუცხადე, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. გაფიცვა რომ არ გასცდეს კანონის ფარგლებს, მათ უნდა იპოვონ კონსენსუსი მოლაპარაკების გზით. თუ იქნება საჭიროება სახალხო დამცველის ჩართულობით, შემიძლია, საჯაროდაც მივმართო მუნიციპალიტეტს, სატრანსპორტო კომპანიას, რომ შეგვიძლია, სახალხო დამცველის აპარატს, ან პირადად მეც ჩავერთო ამ პროცესში”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც გაჩერებულია. თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გვიან ღამით შეხვედრა შედგა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. როგორც ერთ-ერთმა მემანქანემ განაცხადა, მერის შემოთავაზება, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერია მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებს, მათთვის მიუღებელია.