ნინო ლომჯარია - მაინტერესებს, რატომ გახდა საჭირო კლუბში სპეცოპერაციის ჩატარება, როდესაც იქ ადამიანები იმყოფებოდნენ
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სამართალდამცველებს დღეს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვა.
„სამართალდამცველების მხრიდან მაინტერესებს, რატომ გახდა საჭირო უშუალოდ კლუბში განხორციელებულიყო სპეცოპერაცია იმ დროს, როდესაც იქ იმყოფებოდნენ ადამიანები. მე ვესაუბრე მათ განცხადებებზე, რასაც აკეთებდნენ ადამიანები ძალის გადამეტებაზე. რა თქმა უნდა, ინტერესის საგანს წარმოადგენდა, სად იყვნენ დაკავებულები, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით.
როგორც ისინი აცხადებენ, სპეცოპერაცია დაიგეგმა სასამართლოს განჩინებით. მათ ჰქონდათ ვიდეომასალები, რომ კლუბის ტერიტორიაზე საღდებოდა ნარკოტიკი და ამით ასაბუთებდნენ კლუბის ტერიტორიაზე შესვლას.
აცხადებენ, რომ ყველა პოლიციელი იყო აღჭურვილი ვიდეოკამერით, შესაბამისად, მივმართავ ყველა ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ იყო ძალის გამოყენება, მოგვმართოს, ჩვენ ყველა საქმეს შევისწავლით“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
ღამის კლუბებში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერაციებისას, კლუბის სტუმრებსა და პოლიციას შორის რამდენიმე საათის წინ დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, ადმინისტრაციული წესით 20-მდე პირი აიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.