ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე წარმოებულმა გამოძიებამ ვერ ან არ შეძლო, დათუნა სარალიძის მკვლელობაში ყველა მონაწილე ადამიანი გამოევლინა
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე წარმოებულმა გამოძიებამ ვერ ან არ შეძლო, დათუნა სარალიძის მკვლელობაში ყველა მონაწილე ადამიანი გამოევლინა.
როგორც ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ განუცხადა, სახალხო დამცველმა დაასრულა როგორც საგამოძიებო მასალების, ასევე სასამართლოს განაჩენისა და მასალების შესწავლა.
„ამ ეტაპზე დასკვნის სახით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასამართლოს განაჩენმაც დაადასტურა გამოძიებაში არსებული ის ხარვეზები, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობდა. ამ გადაწყვეტილებით, შეგვიძლია, დღეის მდგომარეობით ჩავთვალოთ, რომ გამოძიების მიერ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი დადგენილი არ არის. კითხვები ჩნდება, ამ შედეგამდე თუ რატომ მივედით და მკვლელობის მონაწილე ყველა პირი დადგენილი რატომ არ არის. გამოძიების მასალებსაც თუ შევხედავთ, არაერთი კითხვა ჩნდება. განსაკუთრებით თვალშისაცემია გარემოებები, რომ კონკრეტული პირებისა და პიროვნებების მიმართ არ არის ჩატარებული ის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, რაც უნდა ჩატარებულიყო და ჩატარებულია სხვა პირების მიმართ. ასევე გამოძიებას ყურადღება მიქცეული არ აქვს იმ მნიშვნელოვან დეტალებსა და გარემოებებზე, რასაც თუნდაც, მოწმეები ზოგადი სახით საუბრობდნენ. ხშირ შემთხვევაში კითხვები არ არის დასმული, ის რაც საჭირო იყო და რასაც შესაძლებელია სხვა კვალზე გავეყვანეთ. სხვა კითხვების არსებობა საჭირო აღარ იქნებოდა. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ გამოძიებამ ვერ ან არ შეძლო, მკვლელობაში ყველა მონაწილე ადამიანი გამოევლინა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წავიდეს.
„არ მინდა, წინასწარი პროგნოზები გავაკეთო, შეძლებს თუ არა კომისია ან შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებითი მკვლელის, ან მონაწილის გამოვლენას, თუმცა მკვლელებაში მონაწილე პირების დასადგენად გამოძიება უნდა გაგრძელდეს. დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ვინ ჩაერია, რა მიზნით და ჩაერია თუ არა იმისთვის, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო, რომ სასამართლოს რეალური მკვლელები ვერ დაედგინა. მკვლელობაში მონაწილე პირების გარდა, გამოძიება უნდა წარიმართოს იმ პირთა გამოსავლენად, ვინც გარკვეული ფორმით ზემოქმედება მოახდინა გამოძიებაზე, რომ ეს შედეგი დამდგარიყო, როცა არ არის გამოვლენილი ყველა მონაწილე პირი მკვლელობაში. ამაში შეიძლება იგულისხმებოდნენ როგორც გამომძიებელები, ასევე პროკურორები და ნებისმიერი პირი, რომელსაც შეეძლო, პროცესზე გავლენა მოეხდინა“, – აღნიშნავს ომბუდსმენი.
ნინო ლომჯარიას ცნობით, სახალხო დამცველმა ის კითხვები გამოავლინა, რაც გამოძიების მისამართით გაუჩნდა.
„ჩვენ დევნას არ ვაწარმოებთ და არ ვადგენთ, ვინ ჩაერია და რა მიზნით. ეს გამოძიების პრეროგატივაა. საპარლამენტო კომისიას შეუძლია, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. თუ თავადაც დარწმუნდა, რომ ჩარევები ხელოვნური იყო, ან განზრახი, შეუძლია, სწორედ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა დააყენოს. ამ ქვეყანაში გამოძიების თვალსაზრისით სისტემური პრობლემები არსებობს, რადგან ეს ერთადერთი საქმე არ არის, რასაც სახალხო დამცველი სწავლობს. თითქმის ყოველ დღე ვიღებთ შვილმკვდარი მშობლების განცხადებებს, რომელთაც გამოძიებასთან სერიოზული პრეტენზიები და კითხვები აქვთ. ეს საქმე თვალნათლივ იმ სისტემურ პრობლემებს წარმოგვიჩენს, რაც არსებობს როგორც განათლების, ასევე სამართალდამცავ სისტემაში. სასამართლო ეტაპზე ამ საქმის შესწავლამ თვალნათლივ წარმოაჩინა და ეს საქმის მასალებშიც იკითხება, რამდენად არ არის უზრუნველყოფილი სკოლებში უსაფრთხოება, რამდენად არ გვაქვს ბულინგის პრევენციისა და გამოვლენის სისტემა და რამდენად ვერ რეაგირებენ ის უწყებები, ვინც სკოლაში არიან, ადმინისტრაცია თუ მანდატური. შეგიძლიათ, საქმის მასალებს გაეცნოთ და დაინახავთ, რამდენად არაეფექტურად იმოქმედეს სკოლის ადმინისტრაციამ და იმ პირებმა, ვისაც ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა აქვთ დაკისრებული”, – განაცხადა ლომჯარიამ.