ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალებზე კი წვდომა არ გვაქვს
სახალხო დამცველის შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმეზე არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი ამ ეტაპისთვის არ არის პასუხისგებაში მიცემული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს წლიური ანგარიშის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ხორავას ქუჩის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა მოითხოვა გამოძიების დაწყება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.
„მინდა, დავიწყო სიცოცხლის უფლებაზე საუბრით, ამ კონტექსტში აღსანიშნავია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე და სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ სიცოცხლის მოსპობის საქმეებზე აწარმოოს ეფექტური გამოძიება. თუმცა სახალხო დამცველის შეფასებით აღნიშნულ საქმეზე არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი ამ ეტაპისათვის არ არის პასუხისგებაში მიცემული. ჩვენ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. რაც შეეხება შიდა მოკვლევას, რაც პროკურატურაში მიმდინარეობს, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის ჩვენთვის ცნობილი არ არის შიდა მოკვლევის მიმდინარეობის შედეგები”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, სახალხო დამცველმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ წვდომა გამოძიების მასალებზე.
„სიცოცხლის უფლების კონტექსტში ასევე აღსანიშნავია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმე, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პარლამენტმაც გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დაავალა პროკურატურას გამოძიების დროულად დასრულება. ამ დროის მდგომარეობით, ჩვენ არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე, ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ ვიცით რა ეტაპზეა გამოძიება და როდის დასრულება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.