ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველი სწავლობს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის სასამართლოს მასალებს და შეფასება უახლოეს დღეებში გვექნება
ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველი სწავლობს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის სასამართლოს მასალებს და შეფასება უახლოეს დღეებში გვექნება

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო მასალების შესწავლა დასრულდა და ახლა სასამართლოს მასალებს სწავლობენ.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის შეფასებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

ომბუდსმენიის თქმით,  საქმეში კითხვის ნიშნები არსებობს და მკვლელის ან მკვლელების გამოსავლენად დამატებითი გამოძიებაა ჩასატარებელი.

„დღეს მდგომარეობით, ჩვენ ვსწავლობთ სასამართლოს მასალებს და, ალბათ, უახლოეს დღეებში გვექნება შეფასება. უშუალოდ სასამართლო პროცესზე დამატებითი გარემოებები გამოვლინდა. მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლა, ალბათ, ბოლო ეტაპი იქნება. მზად ვართ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც მივიღოთ მონაწილეობა და ყველანაირად დავეხმაროთ ამ კომისიას, რომ სწორი მიმართულებით წარიმართოს გამოძიება.

ვთანამშრომლობთ ასევე შსს-სთან და ვაწვდით ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას იმ საეჭვო გარემოებების შესახებ, რასაც ვხედავთ გამოძიების პროცესში. სასამართლოს განაჩენმა დაადასტურა, რომ კითხვები არსებობს ასევე აჩვენა, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რათა გვეპოვა თუნდაც ერთი მკვლელი, შესაბამისად, დამატებითი გამოძიებაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ დავადგინოთ ვინ არიან ან ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი. სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენით ეს დადგენილი არ არის“, -განაცხადა ლომჯარიამ.