ნინო ლომჯარია - ხელისუფლება მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას
ხელისუფლება მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საოკუპაციო ძალასა და დე ფაქტო ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეებს 5-დღიანი კარანტინით დამატებითი ბარიერი შეუქმნა.
„მთავარი პრობლემა არის ის, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ძალიან დიდი ხანია დაკეტილია. ეს არ ეხებოდა მხოლოდ პანდემიას, პანდემიამდეც იყო ეს პრობლემები, თუმცა პანდემიის დროს გალში მცხოვრები მოსახლეობა ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. თებერვალში ნაწილობრივ გაიხსნა გადასასვლელი პუნქტი მხოლოდ ცალკეული კატეგორიის ადამიანებისთვის და ეს არ არის საკმარისი. როდესაც არ იყო შეზღუდვა, ამ გადასასვლელ პუნქტს დღის განმავლობაში 1 000-1 500 ადამიანი კვეთდა, დღეს კი 20-30 ადამიანი. ეს მარტივი რიცხვები აჩვენებს, რამხელა საჭიროებაა და ადამიანებს რამდენად შეზღუდული აქვთ გადაადგილება.
პირველ რიგში, ეს არის საოკუპაციო ძალის და დე ფაქტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ 5-დღიანი კარანტინით მოქალაქეებს დამატებითი ბარიერები შეუქმნა. ისინიც კი, ვისაც გადმოსვლის უფლება აქვს, თავს იკავებენ ან შემოვლითი გზებით გადმოსვლას ცდილობენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მოგეხსენებათ, შარშან ორი უბედური შემთხვევა იყო. ხელისუფლება მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.