ნინო ლომჯარია - პარლამენტში კენჭისყრაზე იმაზე მეტი ხმა მივიღე, ვიდრე ველოდი
ომბუდსმენის პოსტზე ჩემი კანდიდატურის განხილვის პროცესი ისეთი მარტივი არ იყო, როგორც ეს გარედან ჩანდა, – ამის შესახებ ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ პირველი არხის გადაცემაში “კვირის ინტერვიუ” სტუმრობისას განაცხადა.
„მე ძალიან კრიტიკული მოსმენების ეტაპი გავიარე, მათ შორის – უმრავლესობასთან და ბოლო წუთამდე, კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე, ჩემთვის ნამდვილად არ იყო ნათელი, იქნებოდა თუ არა მხარდაჭერა. კენჭისყრა ფარული იყო და, შესაბამისად, შედეგი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გახლდათ. მითუმეტეს – იმ ფონზე, როცა ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობიდან კიდევ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე თუნდაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რამ გააერთიანა “ქართული ოცნების” ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ისინი მისი მისამართით არსებულმა შეკითხვებმა გააერთიანა.
„მათ ჩემთან მიმართებით გარკვეული შეკითხვები ჰქონდათ, მათ შორის – რელიგიის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე, ან რელიგიურ მრწამსზე, წარსულ და უახლოეს პერიოდში საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე ჰქონდათ შეკითხვები, რამდენად კრიტიკული ვიყავი წინა ხელისუფლების მიმართ და რატომ ვიყავი კრიტიკული ახალი ხელისუფლების მიმართ. ძირითადად, მათ ეს შეკითხვები აერთიანებდათ და ვფიქრობ, ამომწურავი პასუხები გავეცი. ალბათ, სურათი ამ დისკუსიებმაც შეცვალა, რადგან 96 ხმა, რომელიც მივიღე, იმაზე მაღალია, ვიდრე ველოდი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მმართველ გუნდს არასამთავრობო სექტორთან კომუნიკაცია თავიდანვე ჰქონდა, რადგან ისინი მზად იყვნენ, არასამთავრობო სექტორიდან წარდგენილი კანდიდატურა განეხილათ.
ავტორი: მაკა დარსაველიძე