ნინო ლომჯარია - კანონდარღვევა ვერ დავინახეთ იმაში, რომ „რუსთავი 2“-ის ახალმა მესაკუთრემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა
სახალხო დამცველს „რუსთავი 2“-ის მოქმედ დირექტორთან დაკავშირებისა და შეხვედრის სურვილი ჰქონდა, თუმცა ის დღემდე არ გამოსულა კონტაქტზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.
ნინო ლომჯარია უახლოეს დღეებში „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებთან, ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს, სადაც შრომითი უფლებების დაცვის, ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების შენარჩუნების საკითხებზე იმსჯელებენ. როგორც ლომჯარია ამბობს, არხის თანამშრომლებს შეუძლიათ, სახალხო დამცველი იმედი ჰქონდეთ.
რაც შეეხება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ბეჭდურ ვერსიას, რომელიც გასაჩივრების ვადებს ეხება, როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ამ საკითხზე მსჯელობა გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე შესაბამის კვალიფიციურ პირებთან ერთად გამართა.
„რა თქმა უნდა, სტრასბურგის გადაწყვეტილება, ზოგადად, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც გასაჩივრების ვადა გადის და ეს ამ შემთხვევაშიც ასე არის, თუმცა საქმე ეხებოდა დროებითი ღონისძიების გაუქმებას, ანუ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სტრასბურგმა დამოუკიდებლად ამ საბოლოო გადაწყვეტილებისა. მან მოხსნა დროებითი ღონისძიება, რამაც მისცა შესაძლებლობა უკვე ახალ მესაკუთრეს, მოეთხოვა დაუყოვნებლივი აღსრულება. შეიძლება, ვისაუბროთ მიზანშეწონილობაზე, რა შეიძლება ყოფილიყო უმჯობესი, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ კანონდარღვევა ვერ დავინახეთ იმაში, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა ახალმა მესაკუთრემ. გადაწყვეტილების აღსრულება არის სხვა, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა დროებით ღონისძიება – გადაწყვეტილების შეჩერება.
„განმარტებისთვის ვიტყვი უბრალოდ, მე არ ვარ მხარე და ვიღაცის პოზიციებს არ ვიცავ, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა იმას, რომ დროებითი ღონისძიება, როგორც შეჩერება გადაწყვეტილების, გააუქმა სტრასბურგმა. ეს არ არის გადაწყვეტილება. ეს არის უშუალოდ ის დროებითი ღონისძიება, რომელიც მან ჩათვალა, რომ გამოხატვის თავისუფლების, ასე ვთქვათ, რისკების გამო უნდა შემოეღო, ეს გააუქმა. შესაბამისად, დადგა სამართლებრივად ისეთი საფუძველი, რომ შეეძლო მოეთხოვა უკვე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. შეიძლება, მიზანშეწონილობა სხვა არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმჯობესი იყო, საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო და გვენახა, საბოლოოდ რა პოზიცია ჰქონდა მათ შორის დიდ პალატას, თუმცა ამ ნაწილში (დროებითი ღონისძიების ნაწილში) გადაწყვეტილება ისედაც არ საჩივრდება და ის ამ ნაწილს არ შეაჩერებდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში არ არის შესული და გასაჩივრებას ექვემდებარება, საერთო წესით, ძალაში არ შედის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის სამართლის წყაროში“.
ამასთან, დღესვე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა: „წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე. წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის წერილიც.