ნინო ლომჯარია გუმათის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გუმათის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა.
ლომჯარიას თქმით, აუცილებლად შეისწავლიან, თუ რატომ ეზღუდებათ აქტივისტებს გადაადგილება იმ პერიოდშიც, როდესაც გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოქმედებს.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უკვე გაავრცელა განცხადება. ჩვენ ვერ დავინახეთ დასაბუთება იმისა, თუ რა საჭიროება იყო, რომ შეზღუდულიყო გადაადგილების თავისუფლება მით უმეტეს, არანაირი წინაპირობა, მინიშნება ან მოწოდება ძალადობრივ აქციასთან და ქმედებებთან დაკავშირებით არ ყოფილა. სამწუხაროდ, ვერც ადგილზე ვერ მივიღე აქ მყოფი პოლიციელებისგან განმარტება, თუმცა ჩვენ უკვე ოფიციალურად მიმართული გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი არა მარტო ამ ბლოკპოსტთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად გამოყენებულ სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რასაც პოლიცია იყენებს ადგილზე. აუცილებლად შევისწავლით, თუ რა არგუმენტაცია აქვს პოლიციას, რომ არაკომენდანტის საათის დროსაც აქტივისტებს აქვთ შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობა. ვინაიდან არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ მომისმენია არც საჯარო და ვერც ადგილზე ვერ მივიღეთ, მიმაჩნია, გამოყენებული გადაადგილების შეზღუდვა არის არაპროპორციული“, – განაცხადა ლომჯარიამ.
რამდენიმე დღის წინ ქუთაისთან ახლოს, გუმათის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა.
რიონის ხეობის მცველებს „ნამახვანამდე“ აღარ უშვებდნენ, ამიტომ აქციის მონაწილეებმა დამატებითი კარავი გუმათში გაშალეს.
აღნიშნულ მოვლენებს გამოეხმაურა სახალხო დამცველი და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ ჩარეულიყო შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში.