ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს
ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ევროსაბჭოს სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებთან საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ სტრასბურგში, პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელებთან მთელი კვირის განმავლობაში ექნება შეხვედრები.

„საუბარი შეეხება ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში. ვსაუბრობ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ვისაუბრებ პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე, სიტუაციაზე, გამოწვევებზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, თანასწორობისა და დისკრიმინაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციაზე“, – განუცხადა პირველ არხს ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის თქმით, მზად არის ისაუბროს ცალკეულ გახმაურებულ და რეზონანსულ საქმეებზე, რომლებზეც საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ კითხვები.

„მაგალითად, განსაკუთრებული ინტერესის საგანია აფგან მუხთარლის საქმე და მიმდინარე გამოძიება. დაინტერესებულ მხარეებს მივაწვდი ინფორმაციას. ასევე აინტერესებთ რამდენიმე საქმე, რომელიც ეხება ყოფილი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის გამოძიებებსა და გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სტრასბურგში ნინო ლომჯარიას ოფიციალური ვიზიტი 26 იანვრამდე გაგრძელდება. სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში პრეზენტაციას, თემაზე „ადამიანის უფლებები საქართველოში“ გამართავს.