ძალადობას ჰყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები, იყო წინასწარ დაანონსებული და იყო მოწოდებები ძალადობისკენ, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოსეანსის ჩაშლის მცდელობას.
სახალხო დამცველის განცხადებით, „გამოძიება უნდა დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით, რომლის მსხვერპლიც კინოთეატრ „ამირანთან“ მისული სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი გახდა. სახალხო დამცველი დამამძიმებელ გარემოებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიებამ პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზეც უნდა იმსჯელოს და რომ ანა სუბელიანმა სწორედ მისი განსხვავებული შეხედულების გამო მიიღო დაზიანებები“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას აგრესიულად განწყობილი ჯგუფები არ მიეშვა კინოთეატრის შესასვლელის სიახლოვეს და კორდონი უფრო შორს მოეწყო, რათა მოძალადეებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის მეტი დაშორება და მეტი უსაფრთხო სივრცე ყოფილიყო. მისი თქმით, ასევე შესასწავლია პოლიციელთა ქმედებები მოქალაქეთა დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან ანა სუბელიანის ცნობით, როდესაც მას ემუქრებოდნენ, ის დახმარებას ითხოვდა პოლიციისგან, მაგრამ პოლიცია გულგრილი იყო მის მიმართ და შედეგად მან ფიზიკური დაზიანება მიიღო.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ანა სუბელიანი საავადმყოფოში მოინახულეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.