ნინო ლომჯარია - დროა, დაიწყოს სერიოზული მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე
მომხმარებლის კრიმინალიზაცია საბოლოო ჯამში ვერ გვაძლევს ნარკოდამოკიდებული პირების რაოდენობის შემცირებას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ნარკომომხმარებლების და ნარკოდამოკიდებული პირების ძალიან მაღალი რაოდენობაა საქართველოში და ეს დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.
“მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში იყო ძალიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, კვლევებიც ცხადყოფს. რომ ამ მიდგომამ მთავარი შედეგი ვერ გამოიღო, რისგან იზრდება ნარკომომხმარებლების რაოდენობა. ამიტომ ვფიქრობ, დღეს დროა, დაიწყოს სერიოზული, გადამწყვეტი მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს რეპრესიული და აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს განათლებაზე, პრევენციაზე, დახმარებზე. კრიმინალიზაცია მომხმარებლის როგორც ნარკოდამოკიდებული პირის არის პრობლემა, რადგან ეს მიდგომა საბოლოოდ ვერ ამცირებს ნარკოდამოკიდებული პირების რაოდენობას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.