ნინო ლომჯარია - ჩვენ იმ საგამოძიებო მასალების შესწავლას ვიწყებთ, რომლებთან დაკავშირებითაც არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე განაჩენი უკვე დადგა
ნინო ლომჯარია - ჩვენ იმ საგამოძიებო მასალების შესწავლას ვიწყებთ, რომლებთან დაკავშირებითაც არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე განაჩენი უკვე დადგა

სახალხო დამცველის აპარატი თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის იმ საგამოძიებო მასალების შესწავლას იწყებს, რომლებთან დაკავშირებითაც განაჩენი უკვე დადგა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

სახალხო დამცველი პროკურატურას მიმართავს და მასალებს გამოითხოვს.

„პროკურატურას მივმართავთ, ამ მასალებს გამოვითხოვთ და ჩვენი შეფასებები გვექნება, როგორ წარიმართა გამოძიება და კიდევ გასაკეთებელი რა არის. ჯერ გამოძიების მასალები და ექსპერტიზის დასკვნები უნდა ვნახოთ. შემდეგ მექნება კითხვაზე პასუხი, საქმის მასალები რამდენად განადგურებულია და ეს განადგურება რამ გამოიწვია და ეს სამომავლოდ ხელს რას შეუშლის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი კომპეტენციაა პრობლემებზე და ხელისუფლებასთან ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი.

„ხელისუფლება ამ რეფორმებს როგორ განახორციელებს, ეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემები არსებობს და საგამოძიებო უწყების პროფესიონალიზმის და დამოუკიდებლობის გასაზრდელად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ეს როგორ გაკეთდება, ვინმე შეიცვლება თუ ამას არსებული თანამდებობის პირები გააკეთებენ, ხელისუფლების გადასაწყვეტია. თუმცა ცვლილებები საჭიროა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.