ნინო ლომჯარია - ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის ლექსო უკვე 5 ივლისს იყო განწირული, როგორც ძალადობრივი ჯგუფების, ისე ხელისუფლების მხრიდან
რაც შეეხება ლექსოსთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას, ჩვენ რა თქმა უნდა თვალს მივადევნებთ და ასევე უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შეფასებაში ჩავრთოთ ჩვენი ექსპერტები და წარმომადგენლები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას კადრების იმ ფორმით გავრცელება, როგორც ეს შსს-მ გააკეთა, მიუღებელია.
„ახლა გამიჭირდება წინასწარ რაიმე შეფასება გავაკეთო, თუმცა ნამდვილად მიუღებელი იყო იმ ფორმით კადრების გასაჯაროება შსს-ს მხრიდან, რომელიც იყო არაფრის მთქმელი. ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის ლექსო უკვე 5 ივლისს იყო განწირული, როგორც ძალადობრივი ჯგუფების, ისე ხელისუფლების მხრიდან. ეს კადრები და მინიშნებები ნამდვილად არ ცვლის იმ რეალობას, რომ ოცამდე ადამიანი დაესხა თავს მას, სხვა ჟურნალისტებს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. ლექსო ლაშქარავას წარსულის შესახებ გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა და შეაფასა როგორც პერსონალური მონაცემების უფლების დარღვევა და მიმაჩნია, რომ ნამდვილად, ეს იყო მცდელობა იმისა, რომ როგორც წარსულში, ისე ახლაც, დაზარალებული და გარდაცვლილი ადამიანი წარმოაჩინონ და შეულახონ რეპუტაცია. ეს იყო რეალურად მიზეზი, რადგან ეს ინფორმაცია კერძო პირებს არ შეიძლება, ჰქონოდათ სახელმწიფო ორგანოების ნებართვის გარეშე, ანუ მათი მხრიდან გავიდა ეს ინფორმაცია და მოხვდა კერძო პირებთან. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამჯერადაც სახელმწიფო ორგანოები ცდილობენ არა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას და ორგანიზატორების, წამქეზებლებისა და მოძალადეების დასჯას, არამედ დისკრედიტაციას ნაცემი და გარდაცვლილი ოპერატორის. მე არასდროს ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს და არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს. ჩემი მოთხოვნა არის, რომ გამოძიება წარიმართოს სწორი კუთხით და იმ პირებმა, რომელბმაც ჩაიდინეს დანაშაული, ესენი არიან საერო და სასულიერო პირები, მათ მიმართ დღემდე არ არის დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნა“, – განაცხადა ლომჯარიამ.