ნინო ლომჯარია - აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ბოშა ბავშვებს ალტერნატიული ცხოვრება შესთავაზოს
ნინო ლომჯარია - აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ბოშა ბავშვებს ალტერნატიული ცხოვრება შესთავაზოს

აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ბოშა ბავშვებს ალტერნატიული ცხოვრება შესთავაზოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

„ძალიან მალე პარლამენტში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანგარიშს წარვადგენთ. ამ ანგარიშში ჩვენ ბოშათა და ბოშა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გვაქვს გამახვილებული ყურადღება. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ნორმალურ ცხოვრებაში ბოშათა ინტეგრაციის პროცესი ძალიან დაბალია“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ძალიან მცირეა იმ ბოშა ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საჯარო სკოლებში ირიცხებიან.

„თუ ასევე სტატისტიკას შევხედავთ, რაც უფრო მაღალ კლასში გადადიან ბოშა ბავშვები, უფრო მეტად და მკვეთრად მცირდება მათი დასწრების მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, ვინც საჯარო სკოლებში ირიცხებიან, მაღალ კლასებში სკოლას მთლიანად ტოვებენ და სავარაუდოდ თავს ქუჩაში ცხოვრებით ირჩენენ“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ბოშა ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის გასაძლიერებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია.

„ჩვენ კონკრეტული მონაცემები და რეკომენდაციები გვაქვს. პრობლემების შესამცირებლად აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ამ ბავშვებს ალტერნატიული ცხოვრება შესთავაზოს. ბოშათა საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკა ძალიან სუსტია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.