ნინო ლომჯარია - არსებულ ვითარებაში ერთმანეთის დევნასა და ნადირობაზე თუ გადავედით, ეს არის შუა საუკუნეებში დაბრუნება
მეც დავათვალიერე ნიკა მელიას საკანი, პირობები, ჰიგიენა და გუშინდელი მდგომარეობით, პირობებსა და მოპყრობასთან დაკავშირებით მას პრეტენზიები არ ჰქონია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მელიას, როგორც პატიმრის უფლებები არ ირღვევა, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით, უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ლომჯარიამ ასევე განაცხადა, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის მხრიდან გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების მოლოდინი არ აქვს.
„სამწუხაროდ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლო, ან მოსამართლე ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ან შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღებს. ამ ტიპის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო პოლიტიკური ხელისუფალის და შეიძლება, კონკრეტული გავლენიანი პირების მხრიდანაც სრული კონტროლის ქვეშაა. ეს პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა. მისი გამოსვლის ეს ერთ-ერთი ნაწილი ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი და პრობლემატურია“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცრაზმი კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მივიდა, რაშიც არ ეწერა, რომ მათ სერვერი უნდა წაეღოთ.
„მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. შს სამინისტროს საჯარო განმარტება არ გაუკეთებია, რა სამართლებრივი საფუძვლით აიღეს სხვისი ნივთი, რომელიც არა მარტო ნივთია, შეიძლება, კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანი იყოს. ჩვენ არ ვიცით, პოლიტიკური პარტიის სერვერზე არსებული ინფორმაცია რამდენად ცუდად შეიძლება, იყოს გამოყენებული. ჩვენ არ ვიცით სამართლებრივი საფუძველი. თუმცა ვიცით, რომ დაკავების ოპერაციის დროს შენობიდან ნივთის წაღება, ან სხვისი ნივთის მისაკუთრება და წაღება სახელმწიფოს არ შეუძლია და ერთი შეხედვით, ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიამ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განწყობები არა ვიღაცის დაჭერით, ან გამოშვებით, არამედ წლიდან-წლამდე იქმნება.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, განმუხტავს თუ არა შექმნილ ვითარებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტია და ამის პოლიტიკური ნება ჯერჯერობით, არ არსებობს.
„პრობლემატურს იმაში ვერაფერს ვხედავ, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. რატომაც არა, მაგრამ ეს ისევ და ისევ პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. არ ვიცი, შეიძლება, ერთ დღესაც ეს ყველაფერი ძალიან რეალისტური გახდეს, რადგან ნამდვილად გაგვიჭირდება. როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ვფიქრობ, ამ რეჟიმში კიდევ ოთხი წელი რანაირად უნდა ვიცხოვროთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს გიგი უგულავას განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ პოლიციელთა იდენტიფიცირებას შეეცდებიან და მათ ფოტოებს სადარბაზოებში გამოაკრავენ, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ კუდიანებზე ნადირობის გამოცხადება აბსოლუტურად მიუღებელია.
„თუ ამ ვითარებაში ერთმანეთის დევნასა და ნადირობაზე გადავედით, ეს არის შუა საუკუნეებში დაბრუნება. ამიტომ, იმედია, ეს იდეა არ იქნება გაზიარებული და თუ ამის პრეცედენტი მოხდა, იდეის დონეზე არ დარჩა და განხორციელება დაიწყეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მე ვიქნები წინააღმდეგი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.