ნინო ლომჯარია - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ყურადღებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ამ ვითარებაში ყველაფერი კეთდება
ნინო ლომჯარია - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ყურადღებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ამ ვითარებაში ყველაფერი კეთდება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წილკანში ჩავიდა, სადაც ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილისა და ერთ-ერთი დაკავებულის, იოსებ პავლიაშვილის ოჯახებს შეხვდა.

ომბუდსმენის განცხადებით, დაღუპულის ოჯახი ცხედრის გადმოსვენების ვადებთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადებების შემდეგ დაიმედებულია.

“მათთვის დღეს ყველაზე მთავარი ცხედრის დროული გადმოცემაა. ყველა სხვა დანარჩენზე ისინი არ საუბრობენ. მთავარია, რომ ოჯახმა მიიღოს ცხედარი და სხვა ტიპის განცხადებებს ისინი ერიდებიან, რადგან არ სურთ, რაიმე გამწვავდეს მოლაპარაკებების განმავლობაში”,- აცხადებს ლომჯარია.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ოჯახს ხელისუფლების მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს.

“მე დავუსვი ეს შეკითხვები, ისინი კმაყოფილები არიან ყურადღებით და ამბობენ, რომ ამ ვითარებაში, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, კეთდება და მთავარი ახლა არის, რომ მოლაპარაკებებს ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით ხელი არ შეეშალოს”,- ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის ოფისისთვის ფაქტის შემდეგ კონტაქტი ოკუპირებულ რეგიონთან გართულდა.

“კონტაქტი არის მაქსიმალურად შეზღუდული და თუნდაც, თუკი სხვა შემთხვევების დროს უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებდით, ახლა უფრო მეტად გაჭირდა ინფორმაციის მიღება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან გაძლიერდა ზეწოლა იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, ფაქტობრივად ყოველწუთას ხდება მათი შეჩერება, ჩხრეკა, გადაყვანა და ეს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება. საზოგადოებას ეშინია გარკვეული პროვოკაციების, აქედან გამომდინარე გართულებულია ინფორმაციის მიღებაც. რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც დღეს პრიორიტეტულია ის, რაც სჭირდება ოჯახს, ანუ, ცხედრის გადმოცემა და სხვა საკითხებზე ალბათ უკვე მოგვიანებით უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.