ნინო ლომჯარია - არასრულწლოვანთა მკვლელობაში ბრალდებულებთა მდგომარეობა და პირობები დამაკმაყოფილებელია
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობაში ბრალდებულებთან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, მათი მდგომარეობა და პირობები დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულებს განსაკუთრებული საჩივრები ან პრეტენზიები მოპყრობასთან დაკავშირებით არ აქვთ.
“ვიცით, რომ მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ გვაქვს კონტაქტი და კომუნიკაცია დაკავებულების ადვოკატებთან, შესაბამისად მათთან კომუნიკაციის შემდგომ გვექნება სრული წარმოდგენა საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩვენი წარმომადგენლების შეფასებით, მდგომარეობა ნამდვილად დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, გარდა ამისა, საქმე გვაქვს ბავშვებთან, არასრულწლოვნებთან და ბუნებრივია, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათ შორის ასეთი მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.