ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა
ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობს. ნინო ლომჯარიამ შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან.

სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლს სასამართლო გადაწყვეტილებების შექმნასა და აღსრულებაში და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის მოსაზრებები პროცესში არის ობიექტური, ღირებული, კომპეტენტური და მნიშვნელოვანი. ნინო ლომჯარიამ ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოიხილა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია.