ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოსგან სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი მიიღეს
დღეს მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებით ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტმა ლომჯარიას ჰკითხა, ხომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება სტრასბურგისგან მესამე მხარედ ჩართვის შესახებ.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, უარი პროცედურული მოტივით არის განპირობებული.
„როგორც სასამართლომ თქვა, მათი პროცედურით, ამას მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, რადგან ასე ვთქვათ, ამაზე პირდაპირ უარით აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ იყო. თუმცა ეს სასამართლო, როგორც ვიცით, ტრადიციული, კონსერვატიულია და გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ჩვენს შეთავაზებას პროცედურის გამო ვერ მიიღებდა. რა თქმა უნდა, არსებით ეტაპზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით. „ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა სტრასბურგი თანხმდება, სახალხო დამცველს რთავს საქმეებში მესამე მხარედ. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რამდენიმე დღის წინ საკითხზე საუბრისას ნინო ლომჯარიამ.