ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს აჩენს
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს აჩენს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველი მივიდა.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ბოლო დროს ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს აჩენს.

„სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აჭარის მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, უკვე მეორედ მოვედი და მაქვს სურვილი, რომ მხარეებს გავესაუბრო და გამოვხატო ჩემი პოზიციები. დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს არა უბრალოდ შიდა ორგანიზაციულ ცვლილებებს, არამედ კრიტიკული მაუწყებლობის ცვლილებას. ვფიქრობ, რომ არის საგანგაშო ვითარება. გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა. ჩვენ არაერთი სისხლის სამართლის საქმე გვაქვს მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. ამ ფონზე, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. მრჩეველთა საბჭო კრიტიკულად უნდა მიუდგეს საკითხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასდება, როგორც აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა“ ,- განაცხადა ლომჯარიამ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ სტრუქტურულ ცვლილებებს, რასაც დღეს ხმაური მოჰყვა.

ცვლილების მიხედვით, უქმდება სამსახურების უფროსების მოადგილეების, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი.

ცვლილებების პროექტი მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ წარადგინა.

გიორგი კოხრეიძე ამტკიცებს, რომ ცვლილებები ეფექტიანი მართვისთვის დაიგეგმა, რადგან ადგილი აქვს მოვალეობათა დუბლირებასა და ასევე დავალებათა ერთმანეთზე გადაბარებას.

ამასთან, გიორგი კოხრეიძის თქმით, ტელევიზიის მიღმა  არავინ დარჩება და ახალ საშტატო განრიგში ყველაა გათვალისწინებული.