ნინო ლაცაბიძე - ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რუსთავის განვითარებისთვის ხორციელდება, აზრს კარგავს, თუ მოსახლეობას არ ექნება წყალი, მზად ვართ, პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნოთ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია რუსთავის წყლის საკითხზე მსჯელობს. შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის წყლის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
როგორც სხდომის დაწყებამდე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, საკითხის განხილვა რუსთავისა და რუსთაველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქის განვითარებისთვის ხორციელდება, აზრს კარგავს, თუ მოსახლეობას არ ექნება წყალი.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მზად არიან, კომპანიასთან ერთად, პრობლემის მოგვარებაზე იზრუნონ.
„ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქის განვითარებისთვის ხორციელდება, აზრს კარგავს, თუ მოსახლეობას არ ექნება წყალი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის ამ საკითხის განხილვა. ახლაც, როდესაც ჩვენ ამ საკითხზე ვმსჯელობთ, ნახევარი ქალაქი არის წყლის გარეშე. წყალი არ გვქონდა თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში. ჩვენ ჩვენს თავზე ვიღებთ ნეგატივს, რაც ამ პრობლემიდან არის დაგროვებული. არასდროს გავურბივარ პასუხისმგებლობას. მზად ვართ, კომპანიასთან ერთად, მაქსიმალური ჩართულობით პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნოთ. რა ინფრასტრუქტურული პროექტიც არ უნდა განვახორციელოთ ქალაქის განვითარებისთვის, არაფერს აზრი არ აქვს, თუ მოსახლეობას არ ექნება წყალი. ეს ზაფხული არის უმძიმესი მთელი რუსთავისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ და პრობლემის მოგვარებისთვის ერთხელ და სამუდამოდ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. დღევანდელ შეხვედრასაც აზრი არ ექნება, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. აქ ზოგადად საუბარს აზრი არ აქვს, უნდა დაიდოს გეგმა კონკრეტული მისამართებით. გეგმა გაწერილი ვადით. ამ გეგმის შესრულებას კი სემეკ-მა უნდა გაუწიოს მონიტორინგი“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.