ნინო კალანდაძე - ბევრი მიზეზის გამო, შეწყალების მექანიზმები ცალსახად დასახვეწია
ბევრი მიზეზის გამო, შეწყალების მექანიზმები ცალსახად დასახვეწია, თუმცა, შეწყალების მექანიზმებზე ყურადღების ასე სიღრმისეულად დათმობა ყურადღების რეალური პრობლემიდან გადატანას ემსახურება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კალანდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„დღეს კრიმინოგენული ვითარება საგრძნობლად გაუარესებული და უმძიმესია, უსაფრთხოების სათანადო მექანიზმები არ ფუნქციონირებს და სათანადოდ არც აღსრულება ხდება. ეს კი შეწყალების მექანიზმების ხარვეზების პრობლემა არ არის“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც მიმდინარე დისკუსიას საფუძვლად დაედო, არ შეიძლება, პრეზიდენტზე ასეთი კამპანიური ხასიათის თავდასხმის საფუძველი გახდეს.
„ის, რომ დღეს საქართველოში კრიმინალი მძვინვარებს, შეწყალების მექანიზმების ხარვეზის პრობლემა არ არის. ეს იმ პოლიტიკის პრობლემაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ეფექტურად ახორციელებს. გვახსოვს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წლები, როცა მძიმე დანაშაულებზე ბრალდებული არაერთი და ორი პირი იქნა შეწყალებული და ამნისტირებული. ძალიან საეჭვო გარიგებების საფუძველზე, საპატიმროებიდან ვადაზე ადრე ასეულობით ადამიანი გამოვიდა“, – განაცხადა კალანდაძემ.
ნინო კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების კომისია არასათანადოდ წარმომადგენლობითია.
„კომისიის წევრები როგორც წესი, ექსოფიციო წარმომადგენლები არიან, მაგრამ იქ ასევე არიან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც იურისპუდენციასთან კონკრეტული შეხება და საქმის მასალებში სიღრმისეული ჩახედვის შესაძლებლობა არ აქვთ“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, შეწყალების კომისიაზე დამოუკიდებელი შემთხვევების ინდივიდუალური განხილვა არ ხდება, რადგან კომისიას ერთ სხდომაზე გამოსატანად 300-400 საქმე ეძლევა და შეუძლებელია, სადღაც დასაქმებული პირი ამ საქმეებს სიღრმისეულად გაეცნოს.