ნინო ჯავახაძისა და ევროკომისიის დელეგაციის შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატისა და ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) დელეგაციას შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ნინო ჯავახაძემ სტუმრებს სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნო, რომლებიც საერთაშორისო სამართალდაცვით თანამშრომლობას, ასევე, უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკის შემცირების მიზნით ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნეს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადების მართვის და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული სპეციფიკა. შეხვედრაზე მხარეებმა მგზავრთა მიმოსვლის კუთხით არსებულ დინამიკაზეც ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ, სადაც მგზავრთა მიმოსვლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.