ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„2017 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მონაწილეობით, გამართა შეხვედრა მოსამართლეებთან თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.
დახურულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდნენ თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები და ასევე, ის მოსამართლეებიც, რომელნიც ამ ეტაპზე არ იქნენ უვადოდ გამწესებული.
დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით ორგანული კანონის 794 მუხლის შესაბამისი დებულებების თაობაზე მოსაზრებების მოსმენა და ერთიანი პოზიციის შემუშავება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ასევე, უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა, მონაწილეებმა მოისმინეს მოსაზრებები, მოსამართლისათვის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმეორებით იუსტიციის საბჭოსათვის მიმართვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოქვეყნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი დეპარტამენტის შეფასება.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საბჭოს მომდევნო სხდომებზე მოხდება მოსამართლეებისა და დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება იმ წინადადებაზე, რომელიც ეხება 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ დანიშვნას.
შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დახურული შეხვედრა გაიმართა.