ნინო გოგუაძე - თავის მოტყუება იქნება, თუ მმართველი გუნდი „ფეისბუქის“ განცხადებას და გვერდების გაუქმებას რეგულაციებით უპასუხებს
დეპუტატ ნინო გოგუაძის განცხადებით, იმედი აქვს, დეზინფორმაციის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებები ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას რაიმე ფორმით არ შეზღუდავს.
გოგუაძე ამბობს, რომ თავის მოტყუება იქნება, თუ მმართველი გუნდი „ფეისბუქის“ განცხადებას და გვერდების გაუქმებას რეგულაციების დაწესებით უპასუხებს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ შეეხება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი ან რაიმე ფორმით შეზღუდვას. ამას ძალიან უნდა გავუფრხილდეთ. ერთი ძალიან საყურადღებო საკითხია – ფეისბუქი თავის განცხადებაში ამბობს, რომ მან ეს გვერდები გააუქმა არა იმიტომ, რომ მასში გამოხატული მოსაზრებები არ მოეწონა ან არ ეთანხმებოდა, გააუქმა რადგან ეს იყო კოორდინირებული საზოგადოების შეცდომაში შემყვანი აქტივობა. ეს იყო შენიღბული, სხვა ადამიანები სხვების მაგივრად საუბრობდნენ. მმართველი გუნდი თუ ამას უპასუხებს რაიმე რეგულაციების დაწესებით, ეს უბრალოდ თავის მოტყუება იქნება, რადგან ეს არც ყოფილა „ფეისბუქის“ განცხადებაში და ეს, ჩემი აზრით, დღეს პრობლემა საერთოდ არ არის. პირიქით ის, რომ გამოხატვის თავისუფლება იმ სტანდარტში და ხარისხშია, როგორც არის, ეს უზრუნველყოფს დემოკრატიულ პროცესებს. როდესაც ადამიანებს შეუზღუდავად შეუძლიათ თავიანთი მოსაზრების გამოთქმა. შეუძლებელია, „ფეისბუქის“ განცხადებას და გვერდების გაუქმებას ამით უპასუხო“ ,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას პარლამენტში ინიცირებული აქვს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დეზინფორმაციის თავიდან აცილებას ეხება.
„ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. არის კანონპროექტი ინიცირებული სხვადასხვა სივრცეზე, მარტო „ფეისბუქი“ ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა არის თუნდაც სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია და მოედინება აგრესია“ ,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.