ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებ, თავიანთ ტროლებს მიხედონ
ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებ, თავიანთ ტროლებს მიხედონ

მმართველი გუნდის წარმომადგენელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ტროლების კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გასული თვეების განმავლობაში, დეზინფორმაციის აღკვეთასა და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაზე საუბრისას, კონკრეტულმა სუბიექტებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს. ირაკლი კობახიძე ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.

„პირველ რიგში ყველას მოვუწოდებ, რომ თავიანთ ტროლებს მიხედონ. საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს ტროლების კუთხით, ამაზე ვსაუბრობდით გასული თვეების განმავლობაში. გახსოვთ, როცა საუბარი იყო საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, იქაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც დაისვა, იყო სწორედ დეზინფორმაციის აღკვეთა და აქეთკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა.

მაშინ  კონკრეტულმა სუბიექტებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ძალიან სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესებას „ფეისბუქთან“  თუ ასეთი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. დღეს იგივე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამას სჭირდება ზღვარის დაწესება. ხედავთ, რომ აქ ორმაგი სტანდარტია“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას ეხება.

„ძალიან კარგია ეს ყველაფერი, ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. არის კანონპროექტი ინიცირებული  სხვადასხვა სივრცეზე, მარტო „ფეისბუქი“ ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა არის თუნდაც სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია და მოედინება აგრესია“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.