ნინო გოგუაძე - პარლამენტი ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს როგორც საკანონმდებლო, ისე გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში
საქართველოს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს როგორც საკანონმდებლო, ისე გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია მიმდინარეობს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ზაფხულის სესიაზე, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობაზე იმსჯელა და შესაბამისი რეზოლუცია მიიღო.
ნინო გოგუაძემ საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების საჯარო პროცესებში ჩართულობაზე და საქართველოს პარლამენტთან მათი თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოცდილებაზე ისაუბრა.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში და თუ სახელმწიფოს სურს ამ ინსტიტუტის გაძლიერება, პირველ რიგში, ეს ორგანიზაციები უნდა ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქართველოს ეს კარგად აქვს გააზრებული და მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგვიგროვდა სახელმწიფო ინსტიტუტებს ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. საქართველოს პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან როგორც საკანონმდებლო, ისე გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში.
საპარლამენტო ღია მმართველობის ფარგლებში, ასეთი თანამშრომლობის არაერთი ფორმატია შექმნილი როგორც ცალკეულ საკითხებზე, ასევე საპარლამენტო კომიტეტებთან. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ჩართულები არიან ისეთ პროცესებში, როგორიც არის მაღალი თანამდებობის პირების შერჩევა ქვეყანაში. ეს ეხება როგორც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს, ასევე ომბუდსმენის დასახელებას. მთელი ეს ძალისხმევა, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს დემოკრატიული, განვითარებული საზოგადოების სწორად ფორმირებაზე.
მაშინ როდესაც ევროპის საბჭო ბევრ წევრ სახელმწიფოში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეუძლია მიღწეულ პროგრესსა და იმ წარმატებულ ნაბიჯებზე ისაუბროს, რომელიც მუშაობს და გავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე. ამ მხრივ საქართველოს ბევრი აქვს გასაზიარებელი ევროპელი კოლეგებისადმი“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
სტრასბურგში გამართულ საზაფხულო სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი მონაწილეობენ..