ნინო გახარია - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმისა და უსაფრთხოების კუთხით შეფასება მნიშვნელოვანია ჩვენი უწყებისთვის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გახლავთ ძალიან ავტორიტეტული, მნიშვნელოვანი ანგარიში, ტერორიზმისა და უსაფრთხოების კუთხით შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი უწყებისთვის, – ამის შესახებ შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნინი გახარიამ განაცხადა.
როგორც ნინო გახარიამ აღნიშნა, ანგარიშში დადებითი შეფასებებია კონკრეტულად შსს მიერ გაწეულ ღონისძიებებზე.
„შსს-ს მიერ წინა წლის მანძილზე გაწეული ღონისძიებები გამოიხატებოდა როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, სასაზღვრო სექტორსა და გამშვებ პუნქტებზე, ასევე კანონმდებლობის სრულყოფაში, ასევე მნიშვნელოვანია ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების გაუმჯობესება სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით. ანგარიშში დადებითად შეფასდა საქართველოს სანაპირო დაცვის მუშაობა, რადგან საზღვაო უსაფრთხოება და საზღვაო სივრცეში შესაბამისი კონტროლი არის უსაფრთხოების შემცველი, მნიშვნელოვანია ამ კუთხით არსებული გაუმჯობესებული მდგომარეობა. ჩვენ შარშან ამერიკის მხარემ გადმოგვცა აილენდის კლასის ორი ხომალდი, რომელიც ახდენს პატრულირებას შავი ზღვის აკვატორიაში და გარკვეულწილად გარანტია არის ინფორმაციის მიღებისა, რომელსაც ჩვენ ოპერატიულად ვუზიარებთ პარტნიორებს. ჩვენ ვოპერირებთ და გვაქვს შესაძლებლობა, რომ სუფსაში მდებარე ერთობლივი ოპერაციების ცენტრის საშუალებით გავცვალოთ ოპერატიულად როგორც ანალიტიკური ინფორმაცია, ისე საზღვაო ინციდენტების შესახებ ვაცნობოთ ჩვენს პარტნიორებს. ანგარიში ასევე დადებითად არის შეფასებული ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან“, – განაცხადა ნინო გახარიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საზღვრის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ღონისძიებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ძირითადად, საქართველოს შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს.