აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - ძირითადად, საქართველოს შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - ძირითადად, საქართველოს შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს

საქართველო, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის დიდი ხნის წევრია, 2018 წელს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში აშშ-სთან ერთად განაგრძობდა აქტიურ ჩართულობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან დაკავშირებულ ანგარიშშია ნათქვამია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებაზე მთავარი ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, რომელმაც 2018 წელს „ისლამური სახელმწიფოსთვის“ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მხარდაჭერის შემცირებაზე განაცხადა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სამართალში მისცა და გაასამართლა რვა ადამიანი, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, ახმედ ჩატაევის მხარდაჭერისთვის, რომელიც 2017 წელს, თბილისში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშით, სირიასა და ერაყში საქართველოს დაახლოებით 14 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ტერორისტულ ჯგუფებს უჭერენ მხარს. კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით, არაერთი ცვლილების განხორციელებით, საქართველომ დააფუძნა მუდმივი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც მუშაობს საქართველოს ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს, საქართველოში ტერორისტული ინციდენტი არ ყოფილა. ანგარიშშია აღნიშნულია, რომ 2018 წელს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანით, საქართველომ გააძლიერა კონტრტერორისტული კანონმდებლობა, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს უფრო დიდ უფლებამოსილებას აძლევს საგარეო იურისდიქციებთან დაკავშირებულ საქმეებზე. ახალი ცვლილებებით, გამომძიებლებს და პროკურორებს მოწმეების დისტანციურად გამოკითხვის უფლება აქვთ ან საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ ადამიანებზე, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, უცხოური იურისდიქციის კონტროლით შეუძლიათ მიიღონ კომპიუტერული მონაცემები და აწარმოონ გამოძიება და ექსპერტიზა უცხოურ იურისდიქციაში მისი თანხმობით.

„საქართველოს ძირითადად შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებს და კარგად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი. სამსახურის კონტრტერორიზმის დანაყოფი რეგულარულად იწვრთნება და აღიჭურვება. 2018 წელს, კონტრტერორიზმთან დაკავშირებული მანდატების მქონე უწყებებთან თავსებადობის და თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საქართველომ ასევე ჩაატარა წვრთნები. 2018 წელს, კანონმდებლობის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, საქართველომ გადადგა ნაბიჯები საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. მაისში, საქართველომ თავისი ეროვნული სასაზღვრო მონაცემთა ბაზის ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში ინტეგრირება მოახდინა. 2018 წლის განმავლობაში, საქართველომ გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა სომხეთთან და თურქეთთან სასაზღვრო ზონასთან ოთხ სასაზღვრო სექტორზე. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აამოქმედა სათვალთვალო და სადამკვირვებლო სისტემები სომხეთის საზღვართან, სამ სასაზღვრო სექტორზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ოქტომბერში, აშშ-მა საქართველოს სანაპირო დაცვას ორი საპატრულო ნავი გადასცა, საქართველოს მთავრობამ კი დაამტკიცა გაერთიანებული საზღვაო ოპერაციების ცენტრის ახალი დებულება და განაახლა ინფორმაციის გაცვლის წესები და პროცედურები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ხარისხის კონტროლის 23 ღონისძიება ჩაატარა, მათ შორის, შემოწმებები, აუდიტები და ფარული გამოცდები.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციების შედეგად, თბილისში და პანკისის ხეობაში რვა ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი დამნაშავედ სცნეს ტერორიზმში. სამსახურმა ასევე გამოიძია ტერორიზმის ყალბი შეტყობინების სამი საქმე, ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდების და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის და შენახვის ერთი შემთხვევა და ტერორიზმის მომზადების ორი შემთხვევა. გარდა ამისა, 2018 წელს, უწყებათაშორისმა კომისიამ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად, 130 ფიზიკური და 30 იურიდიული პირის აქტივების გაყინვის და ერთი ფიზიკური და 19 იურიდიული პირის გაყინული აქტივების ჩამორთმევის 15 შუამდგომლობა წარადგინა. კომისიამ ასევე განახორციელა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომელიც დაკავშირებული იყო ტერორიზმში სავარაუდო ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვასთან, მოგზაურობის აკრძალვასთან და შეიარაღების ემბარგოსთან“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების მართვის პროცესების ეფექტურობის შესაფასებლად, 25 ფინანსური ინსტიტუტი ადგილზე შეამოწმა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ განათლების, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის, მედიისა და ინფორმაციასთან წვდომის, გენდერული საკითხების, უმცირესობათა კულტურის და იდენტობის შენარჩუნების, სასამართლო და სამართალდამცველთა საქმიანობის, სოციალური და რეგიონული ინტეგრაციის კუთხით ინიციატივებზე ფოკუსირებით, 2018 წელს საქართველოს მთავრობა აგრძელებდა ძალისხმევას მოსახლეობის მოწყვლად ნაწილში.

ანგარიშის მიხედვით, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით, საქართველომ განახორციელა პროექტი „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის სტრუქტურა“, რომლის მიზანი სკოლებში ტერორიზმის მიმართულებით რადიკალიზაციის პრევენცია იყო. ასევე ჩაატარა რელიგიური ტოლერანტობის და ანტიდისკრიმინაციის ხელშემწყობი სწავლებები და კონფერენციები.

„2018 წელს, საქართველომ შეიმუშავა რამდენიმე ინიციატივა, რომელიც მიმართული იყო მოწყვლად თემებში ტერორისტული რადიკალიზაციის მიზეზების დასადგენად. მათ შორის იყო მცირე გრანტების პროგრამის რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველომ 2018 წელს, პანკისის ხეობაში შვიდი გრანტი გამოყო. საქართველომ ასევე მიიღო მიზნობრივი სწავლება სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით და იუსტიციის დეპარტამენტის შესრულებით შემდეგ თემებზე: ეფექტური სამართალდაცვითი ტექნიკები, პროკურატურის სტრატეგიები, მოსახლეობასთან მუშაობის პროგრამების სარგებელი, ციფრული გამოძიება და ანალიზი, ეფექტური ელექტრონული და თვალთვალის სხვა ფარული მეთოდების ტექნიკა, „ალ-ქაიდასგან“, „ისლამური სახელმწიფოსგან“, იემენის „​დაეშისგან“, არაბეთის „ალ-ქაიდასგან“ მომდინარე საფრთხეები და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დაბრუნება. საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე. საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან, ევროსაბჭოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვას ორგანიზაციასთან“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში, საქართველოსთან დაკავშირებული ქვეთავის ბოლოს წერია, რომ 2018 წელს, უსაფრთხო კომუნიკაციის ხაზებზე და სამეკავშირეო შეთანხმებაზე, საქართველომ ევროპოლთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რაც კომუნიკაციისთვის ევროპოლის უსაფრთხო ხაზების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. აქვე აღნიშნულია, რომ 23 ქვეყანასთან და ევროკავშირთან ერთად არსებული შეთანხმებების პარალელურად, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის და ორმხრივი დაცვის შეთანხმებებს საქართველომ ხელი მოაწერა ალბანეთთან, მოლდოვასთან და იტალიასთან და მსგავსი შეთანხმებები გააფორმა გერმანიასთან და ბელარუსთან.