ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი
ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას.

ამასთან, ევგენიძის თქმით, ყურადღება გამახვილდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზეც.

„ის საკითხები, რომლებიც დავაყენეთ და რომლებიც უკავშირდება დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას და ა.შ. – ყველა ეს საკითხი იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რადგან ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის მშენებლობა და საინვესტიციო გარემოს გაუარესება ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, შემოვოდეს ახალი ინვესტიციები და შევძლოთ ამ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა“, – განაცხადა ნინო ევგენიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.

საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა.

მათივე განმარტებით, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში.

„თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად“, – აცხადებენ საელჩოში.