ნინო ჩხობაძე - შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ სახალხო დამცველობის კანდიდატებს გარემოსდაცვითი გამოცდილება, სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება ცოტას ჰქონდა
ნინო ჩხობაძე - შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ სახალხო დამცველობის კანდიდატებს გარემოსდაცვითი გამოცდილება, სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება ცოტას ჰქონდა

სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელი კომისიის ერთ-ერთი წევრის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, ომბუდსმენობის კანდიდატებს, პირველ რიგში, გარემოსდაცვით სისტემებში გამოცდილების მიხედვით აფასებდა.

როგორც ჩხობაძე ამბობს, კომისიის შემადგენლობაში სწორედ ამ მიმართულებით იმყოფებოდა და პირველ რიგში, ამ კრიტერიუმით იხელმძღვანელა.

ნინო ჩხობაძის თქმით, გარემოსდაცვითი გამოცდილება ძალიან ცოტა კანდიდატს ჰქონდა.

„ჩემი შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ კანდიდატებს გამოცდილება გარემოსდაცვით სისტემებთან მიმართებით. ჩემდა სამწუხაროდ, 19 კანდიდატიდან ძალიან ცოტას ჰქონდა გამოცდილება. ვინაიდან კომისიაში გარემოს დაცვითი კუთხით ვიყავი შესული, პირველ რიგში, ამ კრიტერიუმით ვიხელმძღვანელე. ასევე ვიხელმძღვანელე შრომითი სამართლით, რადგან ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ გამომიტოვებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სოციალური სამართლიანობის პრინციპები – არა მარტო სამართალ- სასჯელაღსრულებით სისტემებში გამოცდილება, ადამიანის უფლებებში ან ბავშვთა უფლებებში. დღეს, 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებები პირდაპირ გადაკვეთილია გარემოს დაცვით სისტემებთან და გარემოს დაცვის პრობლემატიკასთან. მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილება ხდება, მოსახლეობას მეტი და მეტი უჭირს. ადაპტაციურ ღონისძიებებზე, რომლებიც გასატარებელია, ჩემი ხედვით, ომბუდსმენმა უნდა დაიცვას სამართლიანობის პრინციპი, დაიცვას ადამიანის უფლება, პირველ რიგში, დაიცვას სიცოცხლის უფლება. ალბათ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოთხი კრიტერიუმიდან, ვუყურებდი, გარემოსდაცვითი გამოცდილება ვის, როგორ ჰქონდა. ჩემთთან სიაში ლიდერობს ნუგზარ კოხრეიძე, ქალბატონი ანა აბაშიძე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. შედეგები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. როგორც ცნობილია, კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. ომბუდსმენობის კანდიდატების დასახელების ვადა პარლამენტის ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს 21 ოქტომბრამდე ექნებათ. სახალხო დამცველობის კანდიდატთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.