ნინო ჩხობაძე - ამ ეტაპზე ჩვენი სანაპირო ნამდვილად დაცულია, ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა, დაბინძურება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვერ შევა, ვიყოთ მშვიდად
ნინო ჩხობაძე - ამ ეტაპზე ჩვენი სანაპირო ნამდვილად დაცულია, ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა, დაბინძურება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვერ შევა, ვიყოთ მშვიდად

ჩვენი სანაპირო ამ ეტაპზე ნამდვილად დაცულია, – ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ამაზე არა მარტო ზეპირსიტყვიერად ვსაუბრობთ, არამედ ამას ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა ჩვენ სანაპიროზე. ჩვენამდე შეიძლება, საერთოდ არ მოვიდეს დაბინძურება, რადგან მან უნდა გაიაროს დინებით თურქეთის სანაპირო და მხოლოდ შემდეგ შეიძლება, მოაღწიოს რამემ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ის ვერ შევა“, – განაცხადა ჩხობაძემ.

ამ განცხადებით ნინო ჩხობაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად მაღალია საქართველომდე მავნე ნივთიერებების, მძიმე მეტალებისა და ტოქსინების მოღწევის საფრთხე კახოვკის კაშხლის დანგრევის შემდეგ და რა ფაქტორების გამო არ ემუქრება ამ ეტაპზე ჩვენს სანაპირო ზოლს საფრთხე.

შეკითხვაზე, რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ დიდი ოდენობით ჩადენილმა მტკნარმა წყალმა შავ ზღვაში მარილიანობის მაჩვენებელი შეამცირა, ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ დნეპრი ყოველთვის ჩაედინებოდა შავ ზღვაში, ისევე, როგორც ბევრი სხვა მდინარე და იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლებოდა, დიდი ნაკადის შედეგად მარილიანობა ოდნავ დაცემულიყო, მაგრამ შემდგომში ზღვა ყოველთვის აღადგენს მარილიანობას და ეს სტაბილური მარილიანობაა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, კლიმატურმა პირობებმა ზღვის დინების მიმართულებაზე გავლენა მოახდინოს და საქართველომდე მავნე ნივთიერებების მოღწევა დააჩქაროს, ჩხობაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ასეთი რამ ვერანაირად ვერ მოხდება და საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს.

„ასე რომ, ვიყოთ მშვიდად. ზოგჯერ აღშფოთებული ვარ, როცა მოსახლეობა ამბობს, თითქოს რადიაციული დაბინძურებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ყოფილა და საერთოდ არ მომხდარა არანაირი რადიაციული წყაროს გაჟონვა. ასე რომ, ეს ზედმეტი მღელვარება და რაღაც ჭორების გავრცელებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ფიქსირდება იმ ზონაშიც კი, სადაც ტრაგედია მოხდა. ასე რომ, აქ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს თუ, რა თქმა უნდა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არაფერი არ მოხდა. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. არ მოხდეს ისე, რომ რუსეთის ფედერაციამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იარაღად გამოიყენოს, როგორც კახოვკა გამოიყენა. მაშინ უკვე ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდება“, – განაცხადა ჩხობაძემ.

მისი თქმით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ზღვის წყლის მონიტორინგი გააძლიერა, რაც ძალიან კარგია. მეორე მხრივ, აჭარის მთლიან სანაპიროზე ბაქტერიოლოგიური შეფასება ხორციელდება, კონტროლდება ფოთის აკვატორია და კარგი იქნება, თუ ზუგდიდი და გურიაც დაუკავშირდება ფოთის ლაბორატორიას, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს და ასე გურია-სამეგრელოს აკვატორიებიც შემოწმდება.

ნინო ჩხობაძემ ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთ საქართველოში წყალდიდობების შედეგად ძალიან ბევრი რამ ჩაედინა შავ ზღვაში, მაგრამ გაზავების პროცენტი რაოდენობრივად იმდენად მაღალია, რომ არანაირი ნივთიერების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების გადაჭარბება არ ფიქსირდება.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, აფხაზეთში მკვდარი ცხოველების გამორიყვის ფაქტი კახოვკის ჰესის წყალსადენის აფეთქებას უკავშირდებოდეს, ჩხობაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საშინელი წყალდიდობებია და ლეში ზღვაში ჩვენმა მდინარეებმა ჩაიტანა, კახოვკას კი ამ ფაქტს თავად აფხაზებიც არ უკავშირებენ.

„დამხრჩვალ ქათმებს, ღორებს და სხვა რაღაცას უნდა ველოდოთ, რომ იქნება ჩამოტანილი მდინარეების მიერ, მაგრამ ზღვისთვის ესეც კი არ არის დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ ზღვა ასეთ რაღაცებს კარგად უვლის“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.