ნინო ბურჯანაძე - ვაპროტესტებ ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობას, რაც არის კატასტროფულად საშიში
ვაპროტესტებ ძალადობას, მით უფრო ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობას, რაც არის კატასტროფულად საშიში, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მისულმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომელიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობს.
მისი თქმით, „კატასტროფულ საფრთხეს წარმოადგენს, როდესაც ხელისუფლებას შეუძლია, ქვეყანაში ძალადობა დაგეგმოს“.
„ვაპროტესტებ ძალადობას, მით უფრო ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობას, რაც არის კატასტროფულად საშიში. აქ მხოლოდ მორალურ კატეგორიებზე კი არ არის საუბარი, საუბარია, რომ როდესაც ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, ძალადობა დაგეგმოს, ქუჩაში გამოიყვანოს ძალადობის შემსრულებელი ჯგუფები, ეს არის კატასტროფული საფრთხე, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ ერთ დღეს ასეთი რამე დაიგეგმება ხელისუფლების მიერ, ეს არ გამოვა კონტროლიდან და ქვეყანაში უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირება არ დაიწყება. ეს საფრთხე არ უნდა დავუშვათ, მე, თქვენ ნებისმიერმა ადამიანმა, არც ერთმა, ვისი მომხრეც არ უნდა ვიყოთ, „ქართული ოცნების“, პეტრესი, პავლესი, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, არ უნდა იყოს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, ძალადობა დაგეგმოს და თქვენნაირი ბიჭების სიცოცხლე დააყენოს საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.