ნინო ბურჯანაძე - მთავარი ამოცანაა, სისტემა, რომელზეც შევთანხმდებით, რაც შეიძლება მეტად იყოს პროპორციულთან მიახლოებული და კრიზისების მექანიზმი გამოირიცხოს
ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იმედი გაუჩნდათ, რომ ოპოზიცია ერთიანი აღარ იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრამდე განაცხადა.
ამასთან, ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დაწყებამდე არ დააკონკრეტა, საარჩევნო სისტემის რა მოდელზე იმსჯელებს დღეს ოპოზიცია. როგორც მან აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, ნებისმიერი სისტემა, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდება, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად იყოს მიახლოებული.
„დღეს სწორედ იმიტომ ვიკრიბებით, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვისაც იმედი გაუჩნდა, რომ ოპოზიცია ერთიანი აღარ იქნება ან რამე ბზარი შევა ოპოზიციაში. ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ნამდვილად მაქსიმალურად კარგი იქნება დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნისა და საერთო საქმისათვის. ამოცანა არის რა – რაც შეიძლება მეტად იყოს ნებისმიერი სისტემა, რომელზეც შევთანხმდებით, პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული და ასევე მაქსიმალურად გამოირიცხოს კრიზისების მექანიზმი. ასევე შეთანხმებული ვართ ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მინიმალური მხარდაჭერის ან თუნდაც 30 პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში, შეძლოს ხელისუფლების უზურპირება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, ოპოზიციას რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომელიც განიხილება და შეჯერდება.
„რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, შევთანხმდეთ, რომ ციფრებს არ დავასახელებ, რადგან რამდენიმე პარტიას აქვს სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა შეჯერებადია. თავდაპირველად, როდესაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა 100/50-ზე, მე ვახსენე ერთ-ერთ ვერსიად 120/30-ზე, ამასაც განვიხილავთ, მაგრამ ვისაუბრებთ სხვადასხვა ვარიაციაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, თუ ხელისუფლებას უნდა ოდნავ მაინც კომპრომისი, მისაღები იქნება. გავაგრძელებთ ერთობლივ კონსულტაციებს, რომ მივიღოთ მაქსიმალურად სამართლიანი შედეგი არჩევნებზე და ხალხის ნებასთან მიახლოებული, მაგრამ რა და როგორ, ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად და ქვეყნის შიგნით არსებული განწყობების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„ხელისუფლება არც პირველი რაუნდის წინ აპირებდა რამეს დათმობას, მაგრამ პირველი რაუნდის შემდეგ შემოგვთავაზა 100/50-ზე, თუ აკვიატებაა, რომ არ დათმოს, ეს მხოლოდ ცუდი იქნება ხელისუფლებისთვის. თუ ხელისუფლება ააყირავებს ამ მაგიდას მხოლოდ იმიტომ, რომ არ დათმოს და ითხოვს ჩვენგან, რომ 2024-შიც პროპორციულზე უარი ვთქვათ, საერთაშორისო არენაზე ეს მხოლოდ მძიმე დარტყმა იქნება ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დაწყებამდე.