ნინო ბურჯანაძე - მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დარჩება იგივე, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მოიღო გრიგოლ ვაშაძემ წასვლის გადაწყვეტილება
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. თუმცა, მისივე თქმით, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მოლაპარაკებებში „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იგივე დარჩება და სწორედ ამას უკავშირდება პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლის გადაწყვეტილება.
„ვწუხვარ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ის ნამდვილად კარგი პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან ნორმალური და კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროა, რომ წავიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“პოზიცია არ იცვლება. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ანუ მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დარჩება იგივე, რაც აქამდე იყო.
სხვა პარტიის თავმჯდომარის გადადგომა, არ გადადგომა ნადვილად ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩემს პარტიაზე, ჩვენ გვაქვს ის პოზიცია, რა პოზიციაც გვქონდა. აქ მთავარია, პარტიების პოზიცია იყოს იგივე და პარტიების პოზიცია არ იცვლება, ჩვენ ვრჩებით იმავე რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვმუშაობდით“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის განმარტებით, არ ფიქრობს, რომ გრიგოლ ვაშაძე სხვა რომელიმე პარტიას შეუერთდება, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში.
„მე არ მგონია, ბატონი გრიგოლი სხვა რომელიმე პარტიაში შევიდეს, ის სერიოზული ადამიანია და ერთი პარტიიდან მეორეში სირბილს ნადვილად არ დაიწყებს. ყიველ შემთვევაში, უახლოეს მომავალში, მერე არ ვიცი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რა გავლენა აქვს მიხეილ სააკაშვილს, ბურჯანაძე პასუხობს: „ლიდერს, რომლის პარტიასაც ხუთასი ათასი მხარდამჭერი ჰყავს, პოზიცია, რა თქმა უნდა, აქვს ქართულ პოლიტიკაში და ეს მთლიანად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.