გრიგოლ ვაშაძე - ვერ შევეგუები პარტიის გარშემო და მის შიგნით ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებიც კარგა ხანია, თითქოს ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას
გრიგოლ ვაშაძე - ვერ შევეგუები პარტიის გარშემო და მის შიგნით ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებიც კარგა ხანია, თითქოს ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას

ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძე წერს, რომელმაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა.

ვაშაძე წერს, რომ მისთვის მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

„ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები. არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.

შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას“, – წერს ვაშაძე.

ამავე ფეისბუქპოსტით გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიაში ყველა თანამდებობას.