ნინო ბურჯანაძე - მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და პარლამენტში არ შევლენ, მამა ღმერთის გარდა, „ქართულ ოცნებას“ ვერავინ უშველის
ეუთო/ოდირის დასკვნა არ არის საბოლოო, ეს იქნება მას შემდეგ, რაც ყველა დოკუმენტს მათ მივაწვდით. იმედი მაქვს, ეუთო/ოდირიც გაითვალისწინებს იმ რეალობას, რომელიც არის, – ამის შესახებ „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
„ივანიშვილს მიაჩნია, რომ ყველა და ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მაგრამ იმ მაგალითით, რომელსაც ახლა ოპოზიციური პარტიები იძლევიან უპრეცედენტო ერთობით, უარის თქმით მანდატებზე, ეს არ არის მარტივი. ძალიან კარგად მესმის ჩემი კოლეგების, ამით ვაჩვენებთ, რომ საქართველოში ყველას და ყველაფრის ყიდვა არ შეიძლება. ეუთო/ოდირის დასკვნა არ არის საბოლოო, ეს იქნება მას შემდეგ, რაც ყველა დოკუმენტს მათ მივაწვდით. იმედი მაქვს, ეუთო/ოდირიც გაითვალისწინებს იმ რეალობას, რომელიც არის.
მას შემდეგ, რაც იმ ათმა პარტიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ შემდეგ მოდიოდა პროცენტული გადანაწილებით, განაცხადა, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური, არ ცნობენ არჩევნების შედეგებს და არ შედიან პარლამენტში, მამა ღმერთის გარდა, „ოცნებას“ ვერავინ ვერ უშველის. მე პირადად, დღეს ვარ გაცილებით კომფორტულ მდგომარეობაში, ვიდრე ვიყავი 2016 წელს, როდესაც დავდიოდი ოქმებით, 700 უბნის გადათვლის მოთხოვნა მქონდა, გაყალბებული და გადასწორებული ოქმებით რომ დავდიოდი, ძალიან მიჭირდა ბევრი ადამიანისთვის ამის დამტკიცება, დანარჩენი ოპოზოციური პარტიები მაშინ ამაზე არ ლაპარაკობდნენ, რადგან ის გაყალბება მაშინ იყო კონკრეტულად ჩემ წინააღმდეგ, ივანიშვილის ჩემდამი პირადი მტრობიდან გამომდინარე.
ახლა ივანიშვილმა გააკეთა იგივე, ოღონდ გაუკეთა ყველა დანარჩენ პარტიას. ხელისუფლება უნდა წავიდეს, თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა ქვეყანა იყოს, ამ ქვეყანაში არჩევნების გზით შეიცვალოს მომავალში ხელისუფლება და არჩევნებმა აზრი არ უნდა დაკარგოს. ეს არჩევნები რომ გვეღიარებინა, ნიშნავდა, რომ არჩევნებმა ქვეყანაში აზრი დაკარგა და ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლები უბრალოდ აღარ მივიდოდნენ არასოდეს არჩევნებზე. ამიტომ, რაც საჭირო იქნება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ მოვიპოვოთ ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ეგახსენებთ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.