ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე საუბრები და ყველაფერი გააკეთოს, რათა 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რათა 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს.
როგორც ბურჯანაძემ დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხელისუფლებას აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილების დასამტკიცებლად.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ გონს მოეგოს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს და შეწყვიტოს ნებისმიერი საუბრები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებას აქვს საკმარისი ხმები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება გაიტანოს. ასე რომ, ამის ვინმეზე გადაბრალება ნამდვილად არ გამოვა“, – აცხადებს ბურჯანაძემ.
მისი შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლებამ ორი დიდი შეცდომა დაუშვა.
„პირველი – უბრალოდ ვერ ვხსნი, რატომ წამოწია ეს თემა და რატომ გახსნა აღნიშნული დისკუსია და ცეცხლი ოპოზიციის მიმართ, რამაც გამოიწვია საპასუხო ცეცხლი პანდემიის დამთავრებამდე, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ჩვენ ვიყავით სიჩუმისა და სოლიდარობის რეჟიმში. მეორე – ხელისუფლებამ თავისი უგუნურებით პრაქტიკულად პანდორას ყუთი გახსნა, როდესაც პირველად, ყოველ შემთხვევაში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, გახმოვანდა სიტყვა პოლიტიკური დევნა და პატიმრები. ეს ოფიციალურად გახმოვანდა. მიმაჩნია, რომ ადრეც იყვნენ, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში პირველად დაფიქსირდა პოლიტიკური პატიმარი საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის ეს ძალიან ცუდია და ხელისუფლებამ გონივრულად უნდა იმოქმედოს.
„ახლა, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას ძალიან სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ძალიან სჭირდება ეკონომიკური დახმარება და ეკონომიკური ინიექციები, ამ დროს პოლიტიკური პატიმრების ტერმინის დამკვიდრება ამერიკის სენატის განცხადებასა და ევროპარლამენტარების განცხადებებში, არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, ძალიან ცუდი ჩვენი ეკონომიკისთვის. ამიტომ ხელისუფლებამ სწორად და გონივრულად უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.