ნინო ბურჯანაძე - ჯერ პრაიმერიზის იდეა იყო, ახლა დავიშალოთ და მერე ავეწყოთო, რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ?
სამ პროცენტზე მეტი რომ არ აგიღია არცერთ არჩევნებზე, როგორ შეიძლება, მესამე ძალაზე ილაპარაკო? – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში „სტრატეგია აღმაშენებელზე“ საუბრისას განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, პრეტენზია და ამბიცია ბევრი რამის შეიძლება გქონდეს, მაგრამ რეალობას თუ მოწყდები და ოცნებას დაიწყებ, ვერასოდეს მიაღწევ სასურველ შედეგს.
„ორ არჩევნებზე ზედიზედ 11 % ჩემი პარტიის გარდა, არცერთ პარტიას არ აუღია, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვგულისხმობ, ცალკე თემაა, მაგრამ 11%-იც რომ მივიღე, მაშინაც არ მილაპარაკია, რომ მე ვარ მესამე ძალა და ალტერნატიული ძალა-მეთქი, რადგან ვაცნობიერებდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი 11 % ყველა პარტიის პროცენტზე მეტი იყო, არ იყო საკმარისი ალტერნატიული ძალის შესაქმნელად. არ შეიძლება ასე ლაპარაკი, სამ პროცენტზე მეტი რომ არ აგიღია არცერთ არჩევნებზე, როგორ შეიძლება, მესამე ძალაზე ილაპარაკო? თან ვერავინ ვერ იტყვის, რომ გაგვიყალბეს არჩევნებიო, რადგან სხედან პარლამენტში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ მოუმზადებელი იდეებით „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხეს წყალი.
„როდესაც შენ გამოდიხარ მოუმზადებელი იდეით, როდესაც არ არის შეთანხმებული და განხილულიც კი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, როდესაც შენი სავარაუდო მოკავშირეებიც კი, „ლელოდან“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა, გაკრიტიკებენ, ეს უბრალოდ პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია. ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მესმის ახალგაზრდები არიან, მოტივირებული არიან, მაგრამ შენი მოტივაციით კარგის ნაცვლად ცუდი არ უნდა გამოგივიდეს და გამოუვიდათ უარესი. ხელისუფლებამ მართლა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ არაფერი სხვა შეთავაზება არ აქვთ, ხელისუფლების შეცვლის თაობაზე მხოლოდ და თანამდებობების განაწილების თაობაზე ოპოზიციასო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ „ლელოს“ წევრ დავით უსუფაშვილის იდეასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია, ოპოზიცია „დაიშალოს და ვეღარ აეწყოს“.
„ჯერ დავიშალოთ, მერე ავიწყოთ, კარგით რა, მართლა. არ შეიძლება, ასეთი იდეები ტელევიზორში გაახმოვანო. რატომ ახმოვანებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იდეებს ტელევიზიით მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლები კომუნიკაცია ყველას გვაქვს ერთმანეთთან, რა პრობლემაა?
ვის ელაპარაკა „ლელო“, როდესაც ეს იდეა გამოაცხადა? რომელ პარტიას ელაპარაკა? ეს არის პრობლემა, როდესაც სიურპრიზებია ყოველდღიურად ხან ერთი პარტიიდან, ხან მეორე პარტიიდან, ხან მესამე პარტიიდან. ჯერ პრაიმერიზის იდეა იყო, ახლა დავიშალოთ და მერე ავეწყოთო, რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ? ოპოზიციას დიდი პოტენციალი აქვს იმისი, რომ ვერ აეწყოს და მარტივ მამრავლებად დაშლილი დარჩეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.