ნინო ბურჯანაძე - ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა
ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების, პარტიების და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელის მიმართ გაგზავნილი დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე ძალიან პრინციპულად დავუჭირე მხარი ამ დოკუმენტს, რადგან დავინახე, რომ საქართველოს ხელისუფლება უშვებს ისტორიულ შანსს ხელიდან. შანსს იმისა, რომ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობა ჩვენც მოგვეთხოვა. ეს იყო დანაშაული ხელისუფლების მხრიდან. კიდევ კარგი, რომ ხელისუფლებას ეყო თვითგადარჩენის ინსტინქტი და გუშინ გააკეთა განცხადება ევროკავშირის მიმართვის თაობაზე. ეს არის აბსოლუტურად სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების დამსახურება და ამავდროულად ამ დოკუმენტის დამსახურება, რადგან სამი დღის განმავლობაში მზადდებოდა ეს დოკუმენტი და ის ხელისუფლებასაც გაეგზავნა. პირველ ხანებში ხელისუფლების მხრიდან იყო აბსოლუტური სიჩუმე. როდესაც ჩვენ გავაგზავნეთ ეს დოკუმენტი შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ბორელის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების სახელზე, ხელისუფლებამ დაინახა, რომ უბრალოდ უკან დასახევი გზა არ ჰქონდა და გუშინ კობახიძემ გააკეთა განცხადება. მივესალმები მათ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის პირველ რიგში ქართული საზოგადოების, სამოქალაქო სექტორი აქტიურობის და იმ პოლიტიკოსების დამსახურება, რომელთაც ყველანაირი მექანიზმები ჩავრთეთ, რათა საქართველოს ხელისუფლება გამოგვეღვიძებინა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება, პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.