ნინო ბურჯანაძე - არ ვარ დარწმუნებული, რომ უგულავას საქმეზე ევროპარლამენტი მიიღებს კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ ჩამოვლენ, მივესალმები
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტარებისგან შემდგარი კომისიის შექმნას მიესალმება.
„როგორც იურისტი, კომისიების პრობლემას ვერ ვხედავ. ბუნებრივია, რომ საპარლამენტო კომისია ან პარლამენტარი დეტალურად ვერ შევა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, მაგრამ ჩამოვლენ კარგია, არ ჩამოვლენ არც ამით არ იქცევა ქვეყანა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია, რა ხდება ქვეყანაში.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპარლამენტი მიიღებს კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას, რადგან ვფიქრობ, რომ მათთვის ისედაც ყველაფერი ნათელია. თუ ჩამოვლენ, ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან მე იურისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი კანონის ელემენტარული ნორმები. დღეს ათასგზის რომ დაუმტკიცო უგულავას და მელიას დანაშაული, როცა შენ რვა წლის განმავლობაში ამაზე ჩუმად იყავი და ახლა, მოლაპარაკებების რაუნდის დროს გაგახსენდა, ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული. დღეს მელიაზე საუბარი პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლების ამოცანაა, არ დაუშვას მოლაპარაკებების განახლების შემდეგი რაუნდი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.