ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს
ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ანანიაშვილის თქმით, აღნიშნული პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ანანიაშვილი ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ამ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა.
ნინო ანანიაშვილის განცხადებით, მიიღო გადაწყვეტილება, გახდეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, თუმცა ამ პოზიციაზე ჯერ ოფიციალურად არ არის დასახელებული.
„მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს, შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო“, – აცხადებს ანანიაშვილი.
ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პოზიციაა ეს მისთვის და ზოგადად. აქვე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული სირთულეები გახდა.
„თუ გავითვალისწინებთ ბალეტის მნიშვნელობას ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და იმას, რომ რუსეთი ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა, მაშინ დიახ, ასეა. თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია, ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა“, – აცხადებს ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
გარდა ამისა, ნინო ანანიაშვილმა ისაუბრა რუსულ და ქართულ თეატრებს შორის თანამშრომლობაზეც.
„ვფიქრობ, შესაძლოა, ამ თანამშრომლობით, მაგალითად, გაიყოს დადგმის თანხები, ან მოვახერხოთ სპექტაკლების გაქირავება. ისიც ცნობილი პრობლემაა, რომ ჩვენ ბიჭების პრობლემა გვაქვს ბალეტში. რადგან აქ ინტერნატი არ გვაქვს, ვერ ჩამოგვყვავს ბავშვები ვერც ქუთაისიდან, ვერც ზუგდიდიდან… თბილისელებს ბალეტზე ბიჭები არ მოჰყავთ. ამაზეც ვფიქრობ, რომ იქ, ნოვოსიბირსკის თეატრში, იაპონელებიც მუშაობენ, იტალიელებიც და იქნებ, გაჩნდეს ეს შესაძლებლობა, რომ ბიჭები აქაც ჩამოვიდნენ და აქაც იმუშაონ, სხვანაირად, უბრალოდ, სპექტაკლს ვერ დავდგამთ“, – აცხადებს ანანიაშვილი.
საქართველოს პირველი არხი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც ადასტურებენ, რომ ახალ პოზიციასთან ერთად ანანიაშვილი კვლავ რჩება თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელად და თეატრის ადმინისტრაციასთან ეს საკითხი შეთანხმებულია.
ნინო ანანიაშვილი საქართველოში არ იმყოფება და შესაბამისად, დასთან შეხვედრა ჯერ არ ჰქონია. დასის წევრები შვებულებაში არიან, ონლაინკლასები 8 იანვრიდან განახლდება და სავარაუდოდ, დასის წევრებთან შეხვედრაც მაშინ შედგება.