ნინია კაკაბაძე - ცხადია, საია-ს კვლევის შინაარსს ვიზიარებ
ნინია კაკაბაძე - ცხადია, საია-ს კვლევის შინაარსს ვიზიარებ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის შინაარსს იზიარებს.

როგორც კაკაბაძემ განაცხადა, უმთავრესი პრობლემაა, რომ სრულად გამჭვირვალე არ არის ბიუჯეტი, თუ რა გადაცემა, რა თანხით ფინანსდება.

ნინია კაკაბაძის განცხადებით, ის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრია და შემდეგ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე კითხვას აუცილებლად დასვამს.

„ცხადია, ვიზიარებ კვლევის შინაარსს. ვფიქრობ, უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ არ არის მთლიანად და სრულად გამჭვირვალე ის ბიუჯეტი, თუ როგორ და რა სახით, რა გადაცემები, რამდენით ფინანსდება. ეს არის მთავარი პრობლემა და აუცილებლად შემდეგ სხდომაზე დავსვამ კითხვას და დავინტერესდები, რატომ დგას აღნიშნული პრობლემა. ახალი წევრი ვარ და ჯერჯერობით, ჩემი მონაწილეობით ეს ბიუჯეტი არ დამტკიცებულა, ამიტომ ჯერ არ ვფლობ სრულად ინფორმაციას ბიუჯეტთან დაკავშირებით.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ ასე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, ძალიან დიდი სხვაობები არის დაფინანსებებს შორის შიგნით. ვთქვათ, პოლიტიკურ გადაცემებს განსაკუთრებით დიდი ბიუჯეტი აქვთ, განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელიც GDS-დან არის გადმოსული“, – განაცხადა კაკაბაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მასზე ხმამაღლა საუბარი  თანამშრომელთა თანხმობის გარეშე არ შეიძლება, თუმცა, ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ თანამშრომლები ვალდებულნი არიან, ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრონ.

„ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ, თუკი თავად ჟურნალისტები და თანამშრომლები არ მოგვცემენ თავისი ხელფასის ცნობებს, მაგრამ ვფიქრობ, ისინი ვალდებულები არიან, ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრონ და ყველამ თქვას, თუ რამდენი არის მათი ხელფასი. აქედან გამომდინარე, ჩვენც უფრო გაგვიადვილდება დასკვნების გაკეთება“, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კვლევის – „რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?“ პრეზენტაცია დღეს გამართა.