ნინა კობახიძე - მნიშვნელოვანია, ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ და ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანის რისკებიც ვმართოთ
მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა ზუსტად იცოდეს გამოწვევები, რასაც ველოდებით ყოველდღიურ რეჟიმში, თავის მხრივ, სახელმწიფოსთან ვცვლით ინფორმაციას, თუ როგორ ვახდენთ ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების ტრიაჟს, რამდენად მართვადია სიტუაცია, – ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე მთავრობას აწვდიან ინფორმაციას, რამდენად არის მზადყოფნა საწოლების, თუ სამედიცინო პერსონალის თვალსაზრისით, ასევე, რა წინსვლააა ჟანგბადის ქარხნების აღჭურვის კუთხით. ნინა კობახიძის განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან ყოველ კვირას იმართება.
ნინა კობახიძე განმარტავს, რომ ვითარება რთული, თუმცა ამ ეტაპისთვის მართვადია.
„თითოეულმა კლინიკამ ვიცით, ჩვენს რეგიონში რა რესურსები მობილიზება გვჭირდება და ამ ინფორმაციის გაცვლას ვახორციელებთ პრემიერთან. მნიშვნელოვანია, თავის მხრივ მოსახლეობამაც ხელი შეგვიწყოს და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ და ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანის რისკებიც უნდა ვმართოთ. დღევანდელი მოცემულობით, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.
ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.