ნინა კობახიძე - „ჯეო ჰოსპიტალსში“ ყველა ღონისძიება ისე მიმდინარეობს, რომ რისკი არ შეექმნას არავის
ნინა კობახიძე - „ჯეო ჰოსპიტალსში“ ყველა ღონისძიება ისე მიმდინარეობს, რომ რისკი არ შეექმნას არავის

მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“ უკვე გადასულია კარანტინის რეჟიმზე. ამის შესახებ BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენს კლინიკაში პაციენტის გადაყვანის შემდეგ სრულიად არის გათვალისიწებული ყველა ღონისძიება, რომელიც არის საჭირო ჩვენი ექიმებისა და კლინიკაში არსებული პაციენტების დასაცავად. კლინიკა არის კარანტინზე გადაყვანილი, ყველასთან მიმდინარეობს დაგეგმილი ღონისძიება ისე, რომ რისკი არ შეუქმნას არავის. კლინიკა შეხვდა ამ სიტუაციას მომზადებული, ექიმები იყვნენ აღჭურვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ვართ მუდმივ კავშირზე. სრული კონტროლი გვაქვს არსებულ პაციენტებთან შიგნით, ახალი პაციენტები არ მიგვიღია“, – აღნიშნა ნინა კობახიძემ.

მისი თქმით, 50-60-მდე ადამიანი რჩება კლინიკაში კარანტინის რეჟიმში.

„ჩვენს პაციენტებს, კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონის ჩათვლით, გუშინ ჩაუტარდათ ტესტი და ვირუსი მხოლოდ ამ ქალბატონს დაუდასტურდა. თუ ჩავთვლით, რომ არის საეჭვო ავტომატურად, ძალიან სწრაფად ჩავატარებინებთ ტესტს. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯერ საეჭვოდ არ მივიჩნევთ არც ერთ პაციენტს“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.

მთავრობა მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს აწესებს.