ნინა კობახიძე - „ჯეო ჰოსპიტალის“ ქსელმა დაამატა ბორჯომისა და მარნეულის კლინიკები, რაც საშუალებას გვაძლევს, რეგიონში სრულყოფილად ვმართოთ კოვიდპაციენტები
ნინა კობახიძე - „ჯეო ჰოსპიტალის“ ქსელმა დაამატა ბორჯომისა და მარნეულის კლინიკები, რაც საშუალებას გვაძლევს, რეგიონში სრულყოფილად ვმართოთ კოვიდპაციენტები

ყოველკვირეულად ჩვენ განვიხილავთ, თუ რა სიტუაციაა იმ კლინიკებში, რომლებიც „კოვიდის“ მართვაშია ჩართული. ამ ეტაპისთვის ტესტირებებმა მოგვცა ის შედეგი, რომ გავრცელების რაოდენობა შეკავებულია და ტესტირების რაოდენობის მიუხედავად 4 000 – 5 000-მდე ადამიანი ინფიცირდება, ეს არის მართვადი ამ გადასახედიდან,  – ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ „ჯეო ჰოსპიტალის“ ქსელმა უკვე დაამატა ბორჯომისა და მარნეულის კლინიკა, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ რეგიონში სრულყოფილად მოხდეს კოვიდპაციენტების მართვა.

„რა თქმა უნდა არის საკითხები, რომელზეც ყოველ კვირეულად თათბირებზე ვმსჯელობთ –  რამდენი პაციენტი გვყავს მართვის სუნთქვაზე, როგორ შეგვიძლია რეგიონის მიხედვით კლინიკებისა და კოვიდსასტუმროების გადანაწილება მოვახდინოთ სწორად. „ჯეო ჰოსპიტალის“ ქსელმა დაამატა ბორჯომისა და მარნეულის კლინიკა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ რეგიონში სრულყოფილად მოვახდინოთ კოვიდპაციენტების მართვა და ასევე, ამბულატორიის ქსელის მეშვეობით უკვე ბინაზე დარჩენილი პაციენტების სწორი მართვა განვახორციელოთ. ამ ეტაპისთვის კლინიკები მობილიზებული ვართ, რაოდენობის შესახებ ინფორმაციებს ვცვლით. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი იქნება შენარჩუნებული და რაოდენობის ზრდა არ იქნება მიბმული შეზღუდვების მოხსნასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პლატო, რა მდგომარეობაშიც ახლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, შევინარჩუნოთ, რათა ჩვენს ექიმებს მივცეთ საშუალება, ღირსეულად მოემსახურონ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.